Platon Keshelava
Quick Facts
Biography
პლატონ გიორგის ძე კეშელავა (დ. 1893, ერკეთი, ახანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 18 სექტემბერი, 1963, თბილისი) — ქართველი მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი.
ბიოგრაფია
დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და 1916 წელს შევიდა ყაზანის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა და მუშაობის პარალელურად სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. აქედან მოყოლებული ფართო საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. არის ჟურნალების „მომავლისა“ და „ხელოვნების“ პასუხისმგებელი მდივანი. მაგრამ მისი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცა ყვარელში ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორობა, სადაც დაინიშნა 1943 წელს და უძღვებოდა სიცოცხლის ბოლომდე. პ. კეშელავამ მუზეუმი შეავსო მრავალი ექსპონატით და იგი რესპუბლიკის ერთ-ერთ საუკეთესო კულტურულ-საგანმანათლებლო კერად აქცია. ამასთანავე იგი კვლევით მუშაობასაც ეწეოდა. მის კალამს ეკუთვნის საყურადღებო ნაშრომები: „ილია ჭავჭავაძის გენეალოგია“, „ილია ჭავჭავაძე გოგოლის მსოფლიო მნიშვნელობაზე“, „ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრი 1906-0907 წლებში“, „ილია ჭავჭავაძე და არტურ ლაისტი“, „ილია შრომის შესახებ“, „ილია და ქართული თეატრი“ და სხვა. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: ი. ტურგენევზე, ლ. არდაზიანზე, არსენას ლექსზე, ვაჟა-ფშაველაზე და სხვა. იგი იყო კ. მარჯანიშვილის მემუარების რედაქტორი და მოლიერის პიესების თარგმანებს კრებულის წინასიტყვაობისა და შენიშვნების ავტორი. საინტერესოა იგი, როგორც კრიტიკოსი და პუბლიცისტი. პლატონ კეშელავა 1920 წლიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994