Paata Gugushvili
Quick Facts
Biography
პაატა ბესარიონის ძე გუგუშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1905, კოდორი, აბაშის მუნიციპალიტეტი ― გ. 27 თებერვალი, 1987, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962).
1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტ-ფინანსისტის სპეციალობით. ლექციებს ისმენდა აგრეთვე სამართლისა და საქართველოს ისტორიის დარგებში, მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკური ისტორიის, ნუმიზმატიკა-მეტროლოგიის სემინარებში, რომელთაც აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს სახალხო მეურნეობის ისტორიის, პოლიტიკური ეკონომიისა და სოციოლოგიის ლექციათა კურსებს. ავტორია მრავალი ათეული ნაშრომისა, რომლებიც ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრის ისტორიის, სახალხო მეურნეობის განვითარების, დაგეგმვის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ბიბლიოლოგიის, ამიერკავკასიისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და სხვა საკითხებს.
დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში, ეკონომიკური წყაროების მეცნიერულ პუბლიკაციაში.
მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ეკონომიკის ინსტიტუტი, რომელსაც იგი სამ ათეულ წელზე (1944-76) მეტი ხნის განმავლობაში ედგა სათავეში. ამ ინსტიტუტმა დიდი როლი ითამაშა ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში, მნიშვნელოვანი პრობლემების დამუშავებაში, კვალიფიციური კადრების მომზადებაში. ინსტიტუტს 1991 წლიდან მიენიჭა გუგუშვილის სახელი. პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტი საქართველოში ეკონომიკის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი მიმართულების მსხვილი სამეცნიერო კვლევითი ცენტრია. არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად ეწოდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი (1958), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი (1989), პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი (1991), სსიპ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი (2006).
აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი და მისი ეკონომიკური სექციის თავმჯდომარე, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის რჩეული ნაწერების თხზულებათა 12 ტომეულის, აგრეთვე ხუთტომეულის „ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორია საქართველოში“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის რჩეული ნაწერების ორტომეულის მთავარი რედაქტორი.
ავტორია მრავალი ნაშრომისა, მათ შორის 50 მონოგრაფიისა. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მონოგრაფია „საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს.“ (I-VII ტომი, 1949-84), რომლის სამი წიგნი გამოცემულია რუსულ ენაზეც (ამ ნაშრომს 2000 წელს ეკონომიკის მეცნიერების დარგში „XX საუკუნის საუკეთესო მონოგრაფიის“ სტატუსით ჟურნალ „მაკრო-მიკროეკონომიკის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიენიჭა პირველი პრემია).
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 289-290, თბ., 1978 წელი.
- პაატა გუგუშვილი (1905-1987), ბიობიბლიოგრაფია. „მეცნიერება“, თბ., 1988.
- პაატა გუგუშვილი, მოკლე ბიბლიოგრაფია
თხზულებები
- კარლ მარქსი გამომგონებლობის შესახებ, ტფ., 1935;
- საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში. მონოგრაფიები. ტ. 1-7, 1949-1984;
- ეკონომიკური ტერმინოლოგიისა და მეცნიერული თარგმნისათვის, თბ., 1952;
- თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგიის შესახებ. თბ., მეცნიერება, 1966;
- აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. კრ-ში: ეკონომიკა, ტ. 5. თბ., მეცნიერება, 1973, გვ. 374-391
- გამოჩენილი ქართველი ეკონომისტის ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. თბ., მეცნიერება, 1973;
- საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები. თბ., მეცნიერება, 1973;
- О формировании семьи в аспекте воспроизводства населения. Доклад. Тб., Мецниереба, 1976. 52 с.