Jeanne T. Paz
Quick Facts
Biography
თამარ პაზიაშვილი ( დ. 1980, თბილისი) — სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორი, წარმატებული ქართველი მეცნიერი. ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის Michael prize-ით დააჯილდოვეს.
ბიოგრაფია
თამარ პაზი (პაზიაშვილი) დაიბადა თბილისში 1980 წელს. სკოლის რვა კლასი თბილისში დაამთავრა და 1994 წელს დედასთნ ერთდ საფრანგეთში გაემგზავრა. დედა, ისევე როგორც მისი ოჯახის ძირითადი ნაწილი, ფიზიკოსია და იმჟამად ცერნში (ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია) მუშაობდა. თამარმა სწავლა ვოლტერის სახელობის ლიცეუმში გააგრძელა, სადაც მისი მათემატიკის დონის შეფასების შემდეგ ორი კლასით წინ დასვეს, თუმცა იმ დროს ფრანგული საერთოდ არ იცოდა.შესაბამისად, ორი წლით ადრე წარმატებით დაამთვრა ლიცეუმი და ჩაირიცხა ლიონის სამედიცინო ინსტიტუტში. უმაღლესი განათლება პარიზის მარი და პიერ კიურის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო. მესამე კურსზე იყო, როდესაც ასტრობიოლოგურ კონფერენციაზე გაიცნო იტალიელი ფიზიკოსი, ისიც ფიზიკოსების ოჯახიდან და მალევე დაქორწინდნენ, რასაც ერთ წელიწადში მოჰყვა დისერტაციის დაცვა კოლეჯ დე ფრანსში.
2007 წელს ახალგაზრდა ცოლ–ქმარი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც თამარმა სტანფორდის უნივერსიტეტში პოსტ დოკტორანტის პოზიცია დაიკავა, მეუღლემ კი ნასაში დაიწყო მუშაობა. ამერიკაში შეეძინათ შვილი, სოფო, რომელსაც ძალიან უყვარს დედის სამშობლო – საქართველო. ნიჭმა და დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. 33 წლის ასაკში თამარ პაზიაშვილი გახდა სან ფრანცისკოსა და სტანფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორი და ლაბორატორიის გახსნის შეთავაზება მიიღო გლადსტოუნის ინსტიტუტისგან. ლაბორატორია მის სახელს ატარებს (პაზ ლაბ) და ადამიანის ტვინისა და ტვინის პრობლემების შესწავლით არის დაკავებული. თამარი თვლის, რომ რთულ, მაგრამ უზომოდ საინტერესო და საჭირო საქმეს აკეთებს. გლადსტოუნის უნივერსიტეტის ნეირონული დარღვევების შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი ლენარტ მაკი ამბობს, რომ უნივერსიტეტი ძალიან ამაყობს ახალგაზრდა მეცნიერის მიღწევებით.
საქართველოსთნ ურთიერთობა
თამარ პაზიაშვილს ქართველ კოლეგებთან ჯერჯერობით ხშირი კონტაქტი არა აქვს. 2014 წლის ივლისში იგი ჩამოვიდა პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკის მოწვევით და ჰქონდა პირველი შეხვედრა ქართველ საზოგადოებასთან. მისი მოხსენება ეპილეფსიის მკურნალობაში ახალ მიდგომებსა და მიმდინარე კვლევებს შეეხებოდა. ღონისძიება ინგლისურ ენაზე გაიმართა და დიდი ინტერესი გამოიწვია. დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მეთოდი ახალი სიტყვაა ნევროლოგიურ მეცნიერებებში. ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის.
მიღწევები
თამარ პაზიაშვილს ამერიკაში თამარ პაზის სახელით იცნობენ. 34 წლის მეცნიერებათა დოქტორს ჯილდო გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებით, მღრღნელებს ოპტოგენეტიკის დახმარებით ეპილეფსიური კრუნჩხვები დაწყებისთანავე უწყდებათ. ეს ხერხი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ტვინის გარკვეული უჯრედები სინათლის საშუალებით გაააქტიურონ ან „გამორთონ.“ ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა ნეირონების წრედი, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია.