peoplepill id: ermile-nakashidze
EN
Georgia Russia
2 views today
3 views this week
Ermile Nakashidze
Georgian agronomist

Ermile Nakashidze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian agronomist
Work field
Gender
Male
Place of birth
Makvaneti
Place of death
Tbilisi
Age
77 years
The details (from wikipedia)

Biography

ერმილე ნაკაშიძე (დ. 1859, მაკვანეთი — გ. 7 მაისი, 1937, თბილისი) — ქართველი აგრონომი, მეღვინე, მეჩაიე, მეჩაიეობის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ბიოგრაფია

ისტორიული ცნობების თანახმად, ნაკაშიძეების წარჩინებული თავადური გვარიდან მაკვანეთში მხოლოდ ერმილე და ბეჟან ნაკაშიძეები ცხოვრობდნენ. მისი დედა, მაკა, რაჭის ერისთავის ასული იყო. ერმილე ნაკაშიძემ პირველადი განათლება სოფელ ლიხაურის დაწყებით სკოლაში მიიღო, შემდეგ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში გადავიდა. აგრონომიის მიმართ ინტერესი ნაკაშიძემ ჯერ კიდევ ოზურგეთში, სკოლაში სწავლისას გამოიჩინა. მან სახლში მოაწყო პატარა სანერგე, სადაც ნერგებს ამყნიდა და ახალი ჯიშები გამოჰყავდა. მან გამოიყვანა კაკლის გაუმჯობესებული ჯიში, რომელიც ძვირფას სამერქნე მასალას იძლეოდა. 1879 წლიდან ნაკაშიძემ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში IV კლასის მოსწავლედ გააგრძელა. გიმნაზიაში მასთან ერთად, მისი მკვიდრი მამიდაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი სწავლობდნენ. 1883 წელს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ნაკაშიძემ სწავლა პოლონეთში, ნოვოალექსანდრიის სასოფლო–სამეურნეო და სატყეო ინსტიტუტში გააგრძელა და ის სასწავლებელში ერთადერთი სტუდენტი იყო ამიერკავკასიიდან. სწავლის გასაგრძელებლად მან სტიპენდია ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკისგან მიიღო.

სწავლის დასრულების შემდეგ, 1886 წელს, ნაკაშიძე დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ და სამეურნეო ცხოვრებაში. დაბრუნებისთანავე, 1887 წლიდან, ნაკაშიძე ჩაერთო ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაფუძნებული ქართული სამეურნეო სკოლის მუშაობაში. იგი დაინიშნა სასწავლებლის მმართველად. 1892 წელს, წარმატებული შრომის შემდეგ ნაკაშიძემ სასწავლებელი დატოვა და შეუდგა საქმიანობას „ფილოქსერასთან მებრძოლ კავკასიის კომიტეტში“, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაარსებული დაწესებულება იყო და მიზნად ადგილობრივი მევენახეობის გადარჩენას ისახავდა. ნაკაშიძე „საფილოქსერო დასის“ საქმიანობას ძირითადი დანიშნულების გარდა, იყენებდა პოლიტიკური მიზნითაც, კერძოდ რეგიონებში გლეხთა შორის პოლიტიკური განათლებისა და პროპაგანდის მიზნით. „საფილოქსერო დასში“ ის 1896 წლამდე მუშაობდა, თუმცა შემდგომაც არაოფიციალურად განაგრძობდა მევენახეობის ხელშეწყობას, მოამზადა ფუნდამენტური ნაშრომები საქართველოში მევენახეობის შესახებ.

1890-იან წლებში მან პრესის მეშვეობით გამოაქვეყნა იდეა სამეურნეო კოლონიების მოწყობისა. მისი ხედვით სამეურნეო განათლების მქონე პირებს სოფლად უნდა მოეწყოთ სანიმუშო მეურნეობები, კოოპერატივები. იდეას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონია. ამიტომ ნაკაშიძემ თავად დააარსა ასეთი კოლონია მშობლიურ სოფელ მაკვანეთში და ბაზად საკუთარი მამული აქცია. 900 კვადრატული საჟენი მიწა მან აჩუქა სოფლის სკოლას საცდელი ნაკვეთების მოსაწყობას, გადასცა მას ლიტერატურა და გამოიწერა პრესა. მისი მეუღლის ხელმძღვანელობით კი ტარდებოდა კურსები სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის. მეურნეობაში ნაკაშიძემ სხვადასხვა ჯიშის ხეხილი და ვაზი გააშენა, გამოჰყო ნაკვეთი ექსპერიმენტებისთვის, პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა სამეურნეო გამოცემებთან. მან პირველმა აღძრა საკითხი, გახსნილიყო ოზურგეთში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. ამისთვის პროექტი და სასწავლო პროგრამაც შეიმუშავა. მისი პროექტის მიხედვით სასწავლებელში მეფუტკრეობა, მებაღეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მესაქონლეობა და მემინდვრეობა უნდა ესწავლებინათ.

როგორც მიწათმოქმედების დეპარტამენტის ექსპერტ-ინსტრუქტორი, ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა გურია–სამეგრელოსა და აფხაზეთში ჩაის კულტურის ფართოდ გავრცელებას. 1909 წელს იყო მივლენილი ოსმალეთის იმპერიაში თხილის, ჩაისა და თამბაქოს, ასევე სხვა სუბტროპიკული კულტურების მეურნეობების შესასწავლად, რის შემდეგაც მან თხილის საუკეთესო ჯიშები საქართველოში ჩამოიტანა. მან მოსახლეობას შინამრეწველური წესით ჩაის ფოთლის გადამუშავება შეასწავლა. ნაკაშიძემ სოფელ მაკვანეთში მდებარე თავის მამულში, ჩაის პლანტაცია გააშენა, სადაც კუსტარული მეთოდით ამუშავებდა ჩაის ფოთოლს და უშვებდა პროდუქციას. ნაკაშიძემ საკუთარ პროდუქტს საკუთარი და მისივე მეუღლის, იტას სახელების მიხედვით „ერმილიტა“ დაარქვა. ნაკაშიძე დაინტერესებულ მეურნეებს პრესის საშუალებით აწვდიდა რჩევებს ჩაის ბუჩქის მოვლასთან დაკავშირებით, ურჩევდა მათ, რაციონალურად გამოეყენებინათ ფართობი, გაეშენებინათ ჩაის გარდა სხვა — თხილის, თამბაქოს, სუბტროპიკების, ლიმონისა და მანდარინის — ნარგავები. 1911 წელს მისი ხელმშღვანელობით დაარსდა „გურიის მებაღეთა საკრედიტო ამხანაგობა“, რომელსაც ორი წლის თავზე უკვე 393 წევრი ჰყავდა. ამხანაგობის მიზანი იყო სამეურნეო დარგების წახალისება, ტექნოლოგიური განათლების გავრცელება. 1914 წელს ერმილე ნაკაშიძის ხელმძღვანელობით, ზვანის თამბაქოს საცდელ პლანტაციაში, გურიაში პირველი, სრულყოფილი ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა აშენდა.

ნაკაშიძის სანიმუშო მეურნეობა მძიმედ დაზარალდა 1918 წლის გაზაფხულზე ოსმალეთის იმპერიის ჯარების მიერ ბათუმის ოლქისა და ოზურგეთის მაზრის დაკავების შემდეგ. ოსმალეთის ჯარები ქართულმა ძალებმა შეაჩერეს, თუმცა ოსმალებმა მოახერხეს ქალაქ ოზურგეთისა და მიმდებარე სოფლების დაკავება რამდენიმე თვით და მათი განადგურება. ამას შეეწირა ნაკაშიძის სახლი და მეურნეობა. მან მეურნეობის აღდგენა ვეღარ შეძლო და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ნაკაშიძე მუშაობდა მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში და კვლავ ცდილობდა ჩაისა და ციტრუსების გაშენების კამპანიის გაგრძელებას. მისი ძალისხმევით გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლები აკეთსა და გორაბერეჟოულში. მონაწილეობდა ნოსირსა და მშობლიურ მაკვანეთში ჩაის მეურნეობების გაშენებაში, ზედამხედველობას უწევდა ჩაქვის, სალიბაურისა და ზედუბნის სახალხო სუბტროპიკულ მეურნეობებს. 1925 წელს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულმა ფაკულტეტმა ლექტორად მიიწვია, მაგრამ ასაკში შესულმა ნაკაშიძემ საუნივერსიტეტო საქმიანობა ვერ შეძლო. 1919 წელს რეპრესიებისას მას პენსია ჩამოართვეს, მაგრამ ძველი ნაცნობი ბოლშევიკების წყალობით, ისევ დაუბრუნეს. 1937 წლის რეპრესიებისას დააპატიმრეს მისი ვაჟი ლევანი, რომელსაც ფიზიკოსის განათლება საზღვარგარეთ, გერმანიაში, ჰქონდა მიღებული. შვილის ტრაგედია ნაკაშიძემ ვერ გადაიტანა და იმავე წელსვე გარდაიცვალა.

ერმილე ნაკაშიძის მეუღლე ივლიტა (იტა) ასათიანი იყო პედაგოგი, პუბლიცისტი, წერა–კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების წევრი. მან მეუღლესთან ერთად საკუთარ მამულში ოთხკლასიანი სკოლა დააარსა, სადაც ცოლ–ქმარი ერთად ასწავლიდნენ. მათი ოჯახი განათლებისა და კულტურის ერთ-ერთი კერა იყო გურიაში.

ერმილე ნაკაშიძე ავტორია მრავალი სასოფლო-სამეურნეო შინაარსის წიგნისა. გარდაიცვალა 1937 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

  • ხვადაგიანი ი. „ერმილე ნაკაშიძე — გურიის მებაღეთა საკრედიტო და სასოფლო სამეურნეო ამხანაგობა“, კრებული „ინიციატივა ცვლილებებისთვის“ წიგნი მეორე, გვ. 106-116 — თბილისი, 2016, ISBN 978-9941-0-8802-5

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Ermile Nakashidze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Ermile Nakashidze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes