Elene Abazadze-Zhividze
Quick Facts
Biography
ელენე აბაზაძე-ჟივიძე(დ. 8 ივლისი, 1899, თბილისი— გ. 16 ივნისი, 1981) — ქართველი მომღერალი და მსახიობი.
ბიოგრაფია
1917 წელს დაამთავრა თბილისის მე-3 გიმნაზია, შემდეგ სწავლა განაგრძო კონსერვატორიაში, პროფესორ ზელიონის კლასში.
1918 წელს გადავიდა გიორგი ჯაბადარის სტუდიაში, მონაწილეობდა ქართულ კლუბთან არსებულ მუსიკალურ წრეში, რომელიც დგამდა მუსკომედიებს. ოპერეტა „ვამპუკაში“ შეასრულა ვამპუკას პარტია. მონაწილეობდა სასწავლებელში გამართულ საღამოებში(მხატვრული კითხვა, წარმოდგენები, სიმღერები), აგრეთვე გორის სცენის მოყვარულთა წარმოდგენებში და ქართველ მსახიობთა (ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვასო აბაშიძე, შალვა დადიანი და სხვ.) საგასტროლო წარმოდგენებში. 1919-1920 წლებში შედგა მისი დებიუტი ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასში. შალვა დადიანის რეჟისორობით ოპერის თეატრში შეასრულა ფერიების დედოფლის როლი (ი. გედევანიშვილის „სინათლე“, II ნაწილი) და ჩაირიცხა დასში პროფესიონალ მსახიობად. ელენე აბაზაძე-ჟივიძე იყო ოზურგეთის (1920-1922), ბაქოს (1922-1923), სოხუმის (1923-1924, 1950-1951), თბილისის ქართველ მსახიობთა ამხანაგობის (1924-1925), ზესტაფონის (1925-1926), ზუგდიდის (1927-1928), მუსკომედიის (1937-1938), მცხეთის (1940-1950) თეატრების წამყვანი მსახიობი. 1929-1949 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი, პარალელურად მუშაობდა დუშეთის დრამწრეში (1932-1934). მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქეთევანი(დ. ერისთავის „სამშობლო“), კატინა, ლიზა, ხანუმა(ა. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ხანუმა“), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), თამარი (ნ. შიუკაშვილის „მეგობრობა“), ლია (ე. ჩირიკოვის „ებრაელები“), რუქაია (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ოლ-ოლი (ლ. ანდრეევის „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“), დედა (მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა“), ფატი (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“) და სხვა.
ჯილდოები
- 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
ლიტერატურა
- საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, თბ., 1989, გვ. 56
- ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952 ტ. I, თბ., 2018, გვ. 20
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის გაზეთი „დურუჯი“ თბ., 2017, № 5 (113) 31 მაისი, გვ. 8
რესურსები ინტერნეტში
- ელენე აბაზაძე-ჟივიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი