Vsevolod Zenkovich
Quick Facts
Biography
ვსევოლოდ პავლეს ძე ზენკოვიჩი (რუს. Зенкович, Всеволод Павлович; დ. 4 თებერვალი , 1910, — გ. 15 აგვისტო, 1994, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1947). სკკპ წევრი 1953 წლიდან. სახელგანთქმული სპეციალისტი ოკეანოლოგიისა და გეომორფოლოგიის დარგში.
ბიოგრაფია
ვსევოლოდ ზენკოვიჩი დაიბადა 1910 წლის 4 თებერვალს, ქალაქ მოსკოვში. ზენკოვიჩი იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის (1944-1971) და გეოგრაფიის (1971-1974) ინსტიტუტების ზღვის სანაპირო ზონის ლაბორატორიის გამგე, 1975-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში და ხელმძღვანელობდა შავი ზღვის სანაპირო ზონის მორფოლოგიისა და დინამიკის ლაბორატორიას.
1991 წლიდან კვლავ გადავიდა მოსკოვში. ვსევოლოდ ზენკოვიჩმა კვლევითი საქმიანობა დაიწყო 1920-იან წლებში ზღვის თევზმეურნეობისა და ოკეანოგრაფიის პოლარულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1930-იან წლებში მურმანსკში ჩამოაყალიბა ზღვის გეოლოგიის ლაბორატორია. 1937 წლიდან ლექციებს კითხულობდა მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტსა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ვსევოლოდ ზენკოვიჩმა საფუძვლიანად გამოიკვლია ბარენცის, თეთრი, კასპიისა და შავის ზღვის სანაპიროები. ეს იყო გეომორფოლოგიაში ახალი მიმართულების შექმნის პერიოდი. მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა ასევე პოლონეთის, ნიდერლანდების, იუგოსლავიის, ვიეტნამის, ეგვიპტეს, მექსიკის, კუბისა და ჩინეთის ზღვის სანაპირო ზონებში. ავტორია 400-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 50-მდე სამეცნიერო-პოპულარული წიგნისა. პრაქტიკაში შემოიღო კვლევის რიგი მეთოდი, მათ შორის: ლუმინომორფული ინდიკატორები, წყალქვეშა გამოკვლევები და ექსპერიმენტები, ნატანის ბალანსის ანალიზი და სხვა.
ზენკოვიჩმა საფუძველი ჩაუყარა ზღვის ნაპირების მკვლევართა საბჭოთა სკოლას, რომელიც ფართოდ იყო აღიარებული. ზენკოვიჩი იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ზღვის ნაპირთა გეომორფოლოგიის კომისიის წევრი (1964 წლიდან). მეორე მსოფლიო ომში ხელმძღვანელობდა საინჟინრო ჯარების ასეულს.
სსრკ სახელმწიფო (1951) და ლენინური (1964) პრემიები, სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების თედორე ლიტკეს სახელობის ოქროს მედალი (1958). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. მიღებული ჰქონდა აგრეთვე სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის დიდი ვერცხლის მედალი (1956).
თხზულებები
- Динамика и морфология морских берегов 1946;
- Морфология и динамика советских берегов Черного моря, т. 1–2, М., 1958–60;
- Основы учения о развитии морских берегов 1962;
- Пицунда наша радость и тревога, Тб., 1984.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 514, თბ., 1979 წელი.