Victor Gabeskiria
Quick Facts
Biography
ვიქტორ იპატის ძე გაბესკირია (დ. 29 იანვარი/11 თებერვალი, 1903, ფოთი — გ. 27 აგვისტო, 1964, თბილისი) — ქართველი პოეტი და დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).
ბიოგრაფია
დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ყულევში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ფოთის გიმნაზიაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1927). მისი პირველი ლექსები 1922 გამოქვეყნდა გაზეთ "ბახტრიონში", ლექსთა პირველი კრებული გამოიცა 1929 წელს. გაბესკირია რედაქტორობდა ფოთის გაზეთ "პონტოსს" (1922), შემდეგ ბათუმის ჟურნალ "ისპირს" (1924). მუშაობდა გაზეთების "წითელარმიელის", "კომუნისტისა" და "მუშის" რედაქციებში. გაბესკირიას ლექსთა მომდევნო კრებულში (1939) შეპირისპირებულია ძველი და ახალი საქართველო, ხოლო 1949-ის კრებულის ძირითადი თემაა მეორე მსოფლიო ომი. "ერთტომეულში" (1955) ლირიკული ლექსების გარდა შევიდა პოემები "ქეთევან წამებული", "შემთხვევა პიონერთა ბანაკში", "ნონია მესხი" და თარგმანები(ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ნ. ნეკრასოვი, ა. მიცკევიჩი, ლესია უკრაინკა და სხვა).
ქართულ სცენაზე წლების განმავლობაში იდგმებოდა გაბესკირიას პიესები "ლაქაშებს შორის" (1929), "მათი ამბავი" (1938), "მარტოხელა" (1948-1949), "უფსკრულთან" (1953-1954), "გურიის მთები დაუთოვია" (1958), "შრიალებენ ვერხვები" (1960) და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 605, თბ., 1977 წელი.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994