Varlam Zhuruli
Quick Facts
Biography
ვარლამ ნიკოლოზის ძე ჟურული (დ. 15 სექტემბერი, 1908, ჩიბათი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 30 იანვარი, 1965, თბილისი) — ქართველი პოეტი, პუბლიცისტი.
ბიოგრაფია
საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1935 წელს. ამავე პერიოდში წარსდგა საზოგადოების წინაშე პოეტური კრებულით „ვარდის ფურცლობა“.
ვ. ჟურულის პირველი ნაწარმოებები ჯერ კიდევ 1924 წელს გამოქვეყნდა ქარტულ ჟურნალ-გაზეთებში და აქედან მოყოლებული იგი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ამ კეთილშობილურ საქმეს.
თავდაპირველად იყო „ფუტურისტ-ლეფელთა“ ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს ეგრეთწოდებულ „ახალთაობელებს“.
ოთხი ათეული წლის მოღვაწეობის შედეგია პოეტური კრებულები: „ვარდის ფურცლობა“, „ნარაზენი“, „ჩრდილოეთის დაპყრობა“, „ჩემი გაზაფხული“, „ლირიკა“, „ჩემი მერცხლები“, „ვაზის ცრემლები“ და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე. გარდა ამისა მისი მწერლური ნიჭი ქართულ კინოსაც შეეხო. იყო რამდენიმე დოკუმენტური ფილმის სცენარის, სადიქტორო ტექსტის ავტორი. ხშირად იბეჭდებოდა პრესაში, როგორც პუბლიცისტი და აქაც თქვა თავისი სიტყვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994