Varlam Simeonishvili
Quick Facts
Biography
ვარლამ სიმონიშვილი(დ. 4 აგვისტო, 1884, შემოქმედი — გ. 23 მარტი, 1950, ოზურგეთი) — ქართველი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946).
ბიოგრაფია
დაიბადა მეტად ღარიბი გლეხების, ოქროპირ სიმონიშვილისა და სოფიო ნინიძის, ოჯახში, ჰყავდა ორი და და სამი ძმა. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი 1896 წელს. სურდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოახერხა. 14 წლის ასაკში მომღერალ-მგალობელ ანტონ დუმბაძის მოსწავლე გახდა და ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა მასთან. 1900 წელს გაიცნო სამუელ ჩავლეიშვილი და მონაწილეობდა მისი გუნდში. 1902 წლიდან ვარლამ სიმონიშვილი ფილიმონ ქორიძესთან ერთად გალობის მასწავლებლად მუშაობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, პარალელურად ასწავლიდა შემოქმედის, გონებისკარის და უჩხუბის სამრევლო სკოლებში. ფილიმონ ქორიძის დახმარებით სიმონიშვილმა ისწავლა მუსიკალური ნოტები. პირველი გუნდი 1903 წელს ჩამოაყალიბა 15 კაცის შემადგენლობით. ამ გუნდით ხშირად მართავდა კონცერტებს ოზურგეთის თეატრში. 1906 წელს შექმნა გურულ-აჭარული ხალხური სიმღერების გუნდი, სადაც გურულებთან ერთად შვიდი ქობულეთელი შეიყვანა. 1908 წელს სიმონიშვილის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სხვიტორში გამართულ აკაკის იუბილეზე. აკაკის მოთხოვნით გუნდი მეორე დღეს ჩაწერეს. გუნდმა შეასრულა „შვიდკაცა“, „ხასანბეგურა“, „ნადური“, „შავი შაშვი ჩიოდა“. 1909 წელს სამუელ ჩავლეშვილის პატარა ჯგუფთან ერთად ქუთაისში ფირფიტაზე ჩაწერა 15-მდე სიმღერა. 1913 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ ვაჟა-ფშაველას იუბილეზე. 1917 წლის 31 მაისს მონაწილეობა მიიღო თბილისის სახაზინო თეატრში გამართულ კონცერტში. 1917-1920 წლებში ჩოხატაურის ახალგაზრდობას ასწავლიდა გურულ სიმღერებს. 1920 წელს ბათუმში გამართა გორის მიწისძვრისგან დაზარალებულთა მხარდასაჭერი კონცერტი. 1920-1921 წლებში პედაგოგად მუშაობდა სამტრედიაში.
1921 წელს დაინიშნა გურიის სამაზრო რევოლუციური გუნდების ხელმძღვანელად. 1921-1923 წლებში პედაგოგად მუშაობდა ოზურგეთში., ხოლო 1923-1933 წლებში ასწავლიდა შემოქმედის შვიდკლასიან სკოლაში. არტემ ერქომაიშვილთან და დიმიტრი პატარავასთან ერთად ჩაწერა საგალობელთა კრებული „11 მარგალიტი“. 1927 წელს მისი გუნდი გამოვიდა სამუელ ჩავლეშვილის იუბილეზე, იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ქუთაისში ჩატარებულ ხალხური შემოქმედების ოლიმპიადაზე და წარმატებით გამოვიდა კონცერტზე მოსკოვში. 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა ოზურგეთის აბრეშუმის ქარხნის ოთხმოცდაათკაციან გუნდს. 1929 წელს მისმა გუნდმა თბილისში გამართულ მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მეორე პრიზი აიღო. 1934 წელს ჩამოყალიბდა სახელმწიფო ეთნოგრაფიული ანსამბლი მისი ხელმძღვანელობით. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავდა 105 სიმღერას, ჰყავდა მოცეკვავეთა ჯგუფი და ჩონგურსა და ჭიანურზე დამკვრელები. მისმა გუნდმა 1934 წელს გამართულ ამიერკავკასიის ხალხთა ხელოვნების ოლიმპიადაზე მიიღო პირველი ხარისხის ჯილდო. ამ კონცერტზე სიმონიშვილმა პირველად შეასრულა სიმღერა „ბურთის გამარჯვება“. 1935 წელს წითელარმიელთა გუნდთან ერთად ერთი თვის განმავლობაში 10 კონცერტი ჩაატარა მოსკოვში საბჭოების მე-7 ყრილობის მიმდინარეობის დროს. 1937-1938 წლებში წარმატებით გამოვიდა თბილისში გამართულ ხალხური შემოქმედების ოლიმპიადაზე.
გარდა გუნდების ხელმძღვანელობისა, სიმონიშვილი საკუთარ ნაწარმოებებსაც წერდა: „გაზაფხული“, „დათვების ლხინი“, „სოფლად მოდის შემოდგომა“, „ბაღია ჩვენი ქვეყანა“, „საქართველოს მზე ეწვია“, „წითელი არმიის ოცი წელი“, „ძველი ხელხვავი“, „ადილა“ ს. ჩავლეშვილთან ერთად, საჩონგურო სიმღერები „დილა“, „ახლა ვხედავ, საყვარელო, „საქართველოს მზე ეწვია„, „პატაკი სტალინს“. დიდი როლი შეასრულა გურული ხალხური სიმღერების განვითარებაში, შექმნა ამა თუ იმ სიმღერის ცალკეულ ხმათა ვარიანტები. სხვადასხვა დროს მისი მოსწავლეები იყვნენ ლოტბარები ესე ჭანიშვილი, დომენტი ქარჩავა, მარგალიტა სადრაძე, შერმადინ ჭკუასელი, ვარლამ ვაშალომიძე, ილარიონ სიხარულიძე, მიხეილ შავიშვილი, აპოლონ ჩავლეიშვილი. 1946 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. ჰყავდა ორი შვილი, ზინა და ნესტორი. გარდაიცვალა 1950 წელს. დაკრძალულია შემოქმედის მონასტრის ეზოში. 1984 წელს შემოქმედის უბან ფატარში გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი.
ლიტერატურა
- ანზორ ერქომაიშვილი, „ბაბუა“ გვ. 87-90 — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1980
- ნინო კალანდაძე და ლელა ურუშაძე, „ვარლამ სიმონიშვილი“. წიგნში: ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები. გურია, ტ. 1. თბილისი, 2004. „საქართველოს მაცნე“
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 353, თბ., 1985 წელი.
- გეგეჭკორი ლ. „ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები“, წიგნი 1 — თბილისი, 1954