Vano Urjumelashvili
Quick Facts
Biography
ივანე (ვანო) გიორგის ძე ურჯუმელაშვილი (დ. 16 ივნისი, 1920, გორი — გ. 8 ივლისი, 1984, თბილისი) — ქართველი მწერალი.
ბიოგრაფია
გორში დაამთავრა საშუალო სკოლა და აქვე განაგრძო სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში, მაგრამ დაიწყო ომი და ჭაბუკი პირველი დღეებიდანვე დადგა ცეცხლის წინა ხაზზე. მისთვის ომი 1945 წელს არ დამთავრებულა. შორეულ აღმოსავლეთში გადაყვანილ საჯარისო ნაწილებში აღმოჩნდა და ჯერ იაპონელებს ებრძოდა და საბოლოოდ კი, კორეაში მოხვდა. ამიტომ ბუნებრივია ომის თემატიკა ძალუმად იგრძნობა ვ. ურჯუმელაშვილის შემოქმედებაში, 1952 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ გამოქვეყნდა პირველი მოთხრობა „დღეები კორეაში“. იმავე წელს გამოდის მწერლის პირველი წიგნი „მორანბონი“. შემდგომ გამოქვეყნდა მოთხრობების კრებულები: „სუვოროველები“, „დედაშვილობა“, „უცნობი ჯარისკაცი“, „თანატოლები“, „არაბულა“, „სამხრეთის ვარსკვლავი“, „ერთ ზაფხულს“, „ჭიამაია“, „ფერისცვალება“, „მოსკოვი ქვეყნად ერთია“, „ჯვარცმა“ და სხვა. ცხინვალის სახელმწიფო და თბილისის მუსკომედიის თეატრებში წლების მანძილზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები „ვახშამზე“ და „მძახალი“. მანვე თარგმნა გ. მარკოვის დიდტანიანი რომანი „ციმბირი“ და სხვა რუსი ავტორების თხზულებანი. თავად მისი ნაწარმოებები თარგმნა რუსულ. სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ, კორეულ, რუმინულ ენებზე.
დაჯილდოვებული იყო წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994