peoplepill id: tamara-gvaladze
TG
Russia Georgia
1 views today
1 views this week
Tamara Gvaladze
Georgian researcher and bibliographer

Tamara Gvaladze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian researcher and bibliographer
Work field
Gender
Female
Place of birth
Abasha, Abasha Municipality, Samegrelo-Zemo Svaneti, Georgia
Place of death
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia
Age
84 years
Family
Father:
Nestor Kutsia
Children:
Education
Tbilisi State University
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Georgia
Employers
National Parliamentary Library of Georgia
Georgia
National Science Library
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Georgia
The details (from wikipedia)

Biography

თამარ ღვალაძე (ქალიშვილობის გვარი — კუცია) (დ. 22 თებერვალი, 1902, აბაშა — გ. 26 დეკემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი მკვლევარი-ბიბლიოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზატორი საქართველოში, საქართველოს საპატიო (1960) და დამსახურებული (1962) ბიბლიოთეკარი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე (1967), ქართული მუსიკალური კულტურისა და ბოტანიკური მეცნიერების ბიბლიოგრაფიული კვლევის ფუძემდებელი. ადვოკატის და 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ევგენ ღვალაძის მეუღლე.

ბიოგრაფია

დაიბადა სამეგრელოში, აბაშაში, ხე-ტყის მრეწველის, კომერსანტის და ქველმოქმედის ნესტორ კუციას (1871-1912) და დეკანოზ სოფრომ გაბილაიას ასულის — ელისაბედ გაბილაიას (1879-1923) ოჯახში. თამარ ღვალაძის ბაბუა მეთოდე კუცია (ხუცია) იყო სასულიერო მოღვაწე, არქიმანდრიტი, სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, ხოლო ბებია — სალომე მიქაძე შეძლებული თავადის, ეკატერინე დადიანის მსახურთუხუცესის ნიკოლოზ მიქაძის ასული. თ. ღვალაძის უფროსი და ანა (ანიკო) კუცია-ჩოჩია (1898-1964) იყო ექიმი-პედიატრი, საქართველოს დამსახურებული ექიმი.

განათლება

თამარ ღვალაძემ ჯერ აბაშის ოთხკლასიანი ნორმალური სასწავლებელი დაასრულა (1917). 1920 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) არსებული სრული გიმნაზია - "საერთო განათლების კურსები" (იგივე "შალვა ნუცუბიძის კურსები"), ხოლო 1925 წელს თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების და ისტორიის განყოფილებები. გიმნაზიაში მას ასწავლიდა დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვასილ ბარნოვი (ბარნაველი). სტუდენტობის წლებში თამარ ღვალაძე იყო საქართველოს ისტორიაში სტუდენტთა სამეცნიერო წრის აქტიური წევრი. ამ წრეს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი. აღსანიშნავია, რომ მისი სადიპლომო ნაშრომის "ზაქარია და ბესიკ გაბაშვილების შემოქმედება" ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი ქართველოლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი.

კვლევითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, 1920-1924 წლებში თამარ ღვალაძე ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის ერთ-ერთ გიმნაზიაში.

1924 წელს სკოლისგარეშე განათლების რესპუბლიკური სახლის ბიბლიოთეკის (ყოფილი პუშკინის სახელობის ბიბლიოთეკის) დირექტორმა, ცნობილმა ბიბლიოგრაფმა და ეთნოგრაფმა ივანე ციციშვილმა იგი მიიწვია ხსენებული ბიბლიოთეკის უფროს ბიბლიოგრაფად. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 1925 წელს თ. ღვალაძე დაინიშნა ამ ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ. 1924 წელს მან დაიწყო ნაყოფიერი და ხანგრძლივი მოღვაწეობა მეცნიერული ბიბლიოგრაფიის დარგში. 1925 წელს მისი თანაავტორობით გამოიცა მეტად მნიშვნელოვანი ბიბლიოგრაფიული ნაშრომი - "ტფილისის ბიბლიოთეკების ქართული წიგნების შეერთებული კატალოგი". იმავე წელს იგი მონაწილეობდა პირველი ქართული ბიბლიოგრაფიული ჟურნალის "წიგნის მეგობარი" დაარსებაში (სულ გამოიცა ამ ჟურნალის 5 ნომერი).

1925 წლიდან თამარ ღვალაძე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჯერ განათლების საქმეთა კომისარიატის (სამინისტროს), შემდეგ კი კულტურის სამინისტროს მუდმივმოქმედ საბიბლიოთეკო კურსებზე. იგი აქ ასწავლიდა თითქმის ორმოცი წლის მანძილზე (ასწავლიდა წიგნთმცოდნეობასა და ბიბლიოგრაფიას). 1938-1942 წლებში იგი ლექციებს კითხულობდა თბილისის საბიბლიოთეკო სასწავლებელშიც.

1930 წელს სკოლისგარეშე განათლების რესპუბლიკური სახლის ბიბლიოთეკა დაიხურა და მისი მთელი წიგნადი ფონდი გადაეცა საქართველოს სახელმწიფო რესპუბლიკურ (საჯარო) ბიბლიოთეკას (ამჟამად საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა). იმავე წელს თ. ღვალაძე მიწვეულ იქნა საჯარო ბიბლიოთეკის ცენტრალური წიგნთსაცავის გამგის მოადგილედ. 1934 წლის სექტემბერში იგი დაინიშნა საჯარო ბიბლიოთეკის რარიტეტის (იშვიათი წიგნების) განყოფილების გამგედ. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა საბიბლიოთეკო საქმის თვალსაჩინო ორგანიზატორი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე ვიქტორ ბროსე (დიდი ფრანგი ქართველოლოგის, აკადემიკოს მარი-ფელისიტე ბროსეს შვილიშვილი, დახვრიტეს კომუნისტებმა 1937 წელს).

1927 წელს თ. ღვალაძის უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს სახალხო განათლების სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკა, რომელიც დღეს ატარებს იაკობ გოგებაშვილის სახელს.

1928 წელს გამომცემლობამ "ქართული წიგნი" გამოსცა აკაკი წერეთლის "რჩეული თხზულებები"-ს მე-4 ტომი, რომელსაც დართული აქვს თამარ ღვალაძის მიერ შედგენილი ვრცელი ბიბლიოგრაფია "აკაკის ლირიკა", რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა პერიოდში აკაკის შემოქმედების პირველ მნიშვნელოვან ბიბლიოგრაფიულ გამოკვლევას.

"ლიტერატურული გაზეთი"-ს 1934 წლის 24-ე ნომერში გამოქვეყნდა თ. ღვალაძის მიერ შედგენილი ბიბლიოგრაფიული ნარკვევი "უცხოელი და რუსი ავტორები ტფილისზე".

1937 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს თამარ ღვალაძეს, - დააპატიმრეს და ე.წ. "შინსახკომის" დიდი სამეულის გადაწყვეტილებით დახვრიტეს მისი მეუღლე, თვალსაჩინო ადვოკატი და საქართველოს 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ევგენ ღვალაძე (1900-1937).

1938 წელს თ. ღვალაძე მიიწვიეს საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის მთავარ ბიბლიოგრაფად. სწორედ იმ დროს პალატამ მუშაობა დაიწყო მონუმენტურ ბიბლიოგრაფიულ გამოცემაზე, - "ქართული წიგნი"-ს 1629-1920 წლების მასალების მომცველ პირველ ტომზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი წიგნი გამოიცა 1941 წელს (თ. ღვალაძეს ეკუთვნის ამ გამოცემის 1893-1898 და 1905-1907 წლების მასალების აღწერილობები). აღსანიშნავია, რომ წიგნის მეცნიერ-კონსულტანტი იყო აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876-1940).

1941 წელს თამარ ღვალაძის მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა (2006 წლიდან ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა). დაარსებისთანავე იგი არჩეულ იქნა ამ ბიბლიოთეკის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

1942-1945 წლებში იგი მუშაობდა მისი მეუღლის მშობლიური სოფლის სვერის (ჭიათურის რაიონი) საშუალო სკოლის ჯერ დირექტორის მოადგილედ-სასწავლო ნაწილის გამგედ, შემდეგ კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. აქ თ. ღვალაძე ასწავლიდა საქართველოს ისტორიას.

1945 წელს იგი მიწვეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის (ამჟამად ნ. კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი) სამეცნიერო ბიბლიოთეკის გამგედ. 1946-1951 წლებში პარალელურად განაგებდა თბილისის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ბიბლიოთეკას. ბოტანიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკას თამარ ღვალაძე ხელმძღვანელობდა პენსიაში გასვლამდე, - 1970 წლის ივნისამდე. 1945 წელს ამ წიგნთსაცავში დაცული იყო 45 000 ერთეული, ხოლო 1970 წელს - 250 000-ზე მეტი. ეს ბიბლიოთეკა წარმოადგენს ბოტანიკური ლიტერატურის უდიდეს წიგნთსაცავს ამიერკავკასიაში და ერთ-ერთ უდიდესს ევრაზიაში. სწორედ თ. ღვალაძის ძალისხმევით გადაეცა ბიბლიოთეკას გამოჩენილი ბოტანიკოსების, აკადემიკოსების ნიკოლოზ ბუშის, ალექსანდრე გროსჰეიმისა და დიმიტრი სოსნოვსკის უნიკალური ბიბლიოთეკები.

1947 წელს საქართველოს წიგნის პალატამ გამოსცა თამარ ღვალაძის ფუძემდებლური ნაშრომი "ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფია (1872-1946)", რომელმაც სათავე დაუდო ქართული მუსიკალური ხელოვნების ბიბლიოგრაფიულ კვლევას. წიგნის რედაქტორი იყო გამოჩენილი მუსიკისმცოდნე და ქართული მუსიკალური ფოლკლორის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი გრიგოლ ჩხიკვაძე (1898-1986). აღსანიშნავია, რომ თ. ღვალაძის მიერ დადგენილ იქნა არაერთი ქართული სანოტო გამოცემის ავტორი. გრ. ჩხიკვაძესთან ერთად მის მიერ დადგენილ იქნა პირველი ქართული სანოტო გამოცემის თარიღიც. გარდა ამისა, თ. ღვალაძის თაოსნობით საქართველოს წიგნის პალატაში დაარსდა სპეციალური პერიოდული ბიბლიოგრაფიული გამოცემა "ნოტების მატიანე".

1946 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის საბიბლიოთეკო სამეცნიერო საბჭოს წევრად. თ. ღვალაძე მეოთხედი საუკუნის მანძილზე კურირებდა მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და სოფლის მეურნეობის განყოფილებების სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების (ბოტანიკის, ზოოლოგიის, პალეობიოლოგიისა და მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტები, თბილისის, სოხუმის და ბათუმის ბოტანიკური ბაღები) სამეცნიერო ბიბლიოთეკების მუშაობას.

1950-1951 წლებში გამომცემლობამ "ტექნიკა და შრომა" თამარ ღვალაძის თანაავტორობით გამოსცა "ქართული წიგნი"-ს მე-2 ტომის პირველი და მეორე ნაკვეთები (1921-1945 წლების მასალების აღწერილობები). მას ეკუთვნის ამ გამოცემის 1921-1933 წლების აღწერილობები.

თ. ღვალაძე ითვლება ქართული ბოტანიკური მეცნიერების ბიბლიოგრაფიული კვლევის ფუძემდებლად: ჯერ კიდევ 1941 წელს საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების პერიოდული ჟურნალის "მცენარეთა გეოგრაფიისა და სისტემატიკის ნარკვევები" მე-10 გამოშვებაში გამოქვეყნდა მის მიერ შედგენილი ბიბლიოგრაფიული საძიებელი - "მცენარეთა გეოგრაფიისა და სისტემატიკის ნარკვევების" 1-10 გამოშვებების შინაარსი, მცენარეთა ლათინური სახელწოდებებისა და სტატიების მაჩვენებელი". 1958 წელს ნარკვევების მე-20 გამოშვებაში გამოქვეყნდა ანალოგიური ბიბლიოგრაფია მე-11-მე-20 გამოშვებებისათვის. 1956 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობამ გამოსცა "თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის პერიოდული გამოცემების სტატიების ბიბლიოგრაფია (1895-1955)", ხოლო 1960 წელს "თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის შრომების ბიბლიოგრაფია (1933-1959)". ორივე წიგნის რედაქტორი იყო გამოჩენილი ბოტანიკოსი, აკადემიკოსი ვლადიმერ მენაბდე (1896-1981). აქვე აღსანიშნავია, რომ თამარ ღვალაძე იყო მრავალტომიანი სამეცნიერო გამოცემის "საქართველოს ფლორა" მე-3-მე-8 ტომების (თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1947-1956) სტილისტური რედაქტორი.

გაზეთის "სახალხო განათლება" 1968 წლის 28 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა ტ. კასრაძის და თ. ღვალაძის სტატია "ბიბლიოგრაფია - ახალ მოთხოვნათა დონეზე".

აქტიური კვლევითი საქმიანობა თამარ ღვალაძეს არც პენსიაზე გასვლის შემდეგ (1970) შეუწყვეტია. მან შეადგინა მისი მასწავლებლის, აკადემიკოს გრიგოლ წერეთლის (1870-1938) ბიობიბლიოგრაფია და "ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფია (1946-1981)". გარდა ამისა, ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნდა მისი საყურადღებო მოგონებები ივანე ჯავახიშვილზე, შალვა ნუცუბიძეზე, ნუცუბიძის კურსებზე, ქრისტინე შარაშიძეზე, ვასილ წერეთელზე და ვიქტორ ბროსეზე.

საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოღვაწეობა

საყურადღებოა ისიც, რომ 1923-1937 წლებში ევგენ და თამარ ღვალაძეების ბინა თბილისში, სოლოლაკში, იმხანად განოვის, ამჟამად კი გალაკტიონის ქუჩის #9 სახლში საზოგადოებრივ-ლიტერატურული ხასიათის ერთგვარ საფიხვნოს წარმოადგენდა. აქ ხშირად იყრიდნენ თავს ამ ოჯახის უახლოესი ადამიანები: თედო სახოკია, გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე (ალიოშა) წერეთელი, ვახტანგ კოტეტიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, ვიქტორ ბროსე, მარიამ (მარიკა) ხოშტარია, ვასილ წერეთელი, ხარიტონ ვარდოშვილი, სეით დევდარიანი, პეტრე ქავთარაძე, გრიგოლ რობაქიძე, შალვა აფხაიძე და სხვა ცნობილი მოღვაწენი. 1920-1924 წლებში ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნდა თ. ღვალაძის რამდენიმე ლიტერატურული ნარკვევი და ლექსი "ვაღურია"-ს ფსევდონიმით. მას დიდი დამსახურება მიუძღვის 1918 წელს დაღუპული შესანიშნავი ქართველი პოეტის გრიგოლ მეგრელიშვილის ("მთის ნიავი") ლექსების მოძიება-შეკრებაში. ეს მასალები შესულია 1973 წელს გამომცემლობა "მერანი"-ს მიერ გამოცემულ კრებულში "შუქურვარსკვლავი" (რედაქტორი - ნიკო კეცხოველი). როგორც ზემოთ აღინიშნა, თ. ღვალაძეს ეკუთვნის საინტერესო მოგონებები, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია ქართულ პერიოდულ პრესაში.

ქართულ კულტურაში, ბიბლიოგრაფიასა და საბიბლიოთეკო საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის თამარ ღვალაძეს მინიჭებული ჰქონდა ბიბლიოგრაფიის დარგში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო წოდება, საქართველოს საპატიო ბიბლიოთეკარის, საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარის და საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდებები.

იგი გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. განისვენებს თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

  • გ. მიქაძე. ღვაწლმოსილი ბიბლიოგრაფი.- ჟურნ. "წიგნის სამყარო", 07.10.1986.
  • თ. ნაკაშიძე. ქართული მეცნიერული ბიბლიოგრაფიის მოჭირნახულე, თბილისი, 1992.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Tamara Gvaladze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Tamara Gvaladze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes