Sapho Mgeladze
Quick Facts
Biography
საფო მგელაძე საფო მგელაძე-გიგინეიშვილი (დ. 1894, ჯურუყვეთი — გ. 1936, თბილისი) — ქართველი პოეტი, ბელეტრისტი.
ბიოგრაფია
საფო მგელაძე დაიბადა 1894 წელს, გურიაში, სოფელ ჯურყვეთში. იოსებ გიგინეიშვილისა და ქრისტინე კანდელაკის ოჯახში. პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სწავლისადმი დიდი ინტერესით.
„...მშობლებს აჩემებული ჰქონდათ, ერთი შვილი გვყავს და ამას ვერ მოვიშორებთო. მართლაც, სოფლის ორი კლასი დავამთავრე, თორმეტი წლის ბავშვი სახლში დამსვეს, ჩამაცვეს კუდიანი კაბა და გარეთ აღარ მიშვებდნენ. გაიარა თუ არა სამმა წელიწადმა, დაიწყო ჩვენს სახლში სოფლის მაჭანკლების მისვლა-მოსვლა. მათი დანახვა ჭირივით მეზარებოდა, ვინ იცის, სად არ ვიმალებოდი. ერთ წელიწადს, როგორც იქნა, მოვითმინე ყველაფერი, მერე ავიღე იოდით სავსე შუშა და დედას ტირილით ვუთხარი: თუ ქალაქში არ წამიყვანთ და არ მასწავლით, ეხლავე თავს მოვიწამლავ-მეთქი. ჩემმა მუქარამ გაჭრა. მე და დედაჩემი რამდენიმე დღის შემდეგ ქუთაისს გავემგზავრეთ. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა ჩემი ბედნიერების დღეები... დედის ავადმყოფობამ მალე ისევ დაგვაბრუნა სოფელში. აქ კიდევ ბევრი უსიამოვნება შემხვდა. დღე არ გავიდოდა, რომ სოფლის ბიჭებს ბარათი არ გამოეგზავნათ. ერთი მოტაცებითაც კი მემუქრებოდა. ამან გვაიძულა, გადავსულიყავით ოზურგეთში საცხოვრებლად. სწორედ აქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს“ |
საფო ცოლად მიათხოვეს საკმაოდ უფროსი ასაკის კაცს, ვლადიმერ მგელაძეს. ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. ოჯახური ცხოვრება მთავარი დაბრკოლება შეიქნა საფოს სამწერლო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის. საფოს 2 შვილი ჰყავდა (მისი ერთი შვილი - შუშანა მგელაძე - საბავშვო პოეტი იყო). კოლექტივიზაციის შემდეგ მის ოჯახს ჩამოართვეს სახლ-კარი გურიაში და მშრალზე დატოვეს. ოჯახი თბილისში გადასახლდა. საფოს წიგნები ამ დროს უკვე ცნობილი იყო და ის მწერალთა კავშირის წევრიც იყო.
თბილისში საფო მგელაძის სახლი მთაწმინდის ძირში ქართველი ხელოვანების თავშეყრის ადგილი იყო. აქ სტუმრობდა საფოს მეგობრები: ლადო ასათიანი, მარიჯანი, გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი, ალიო მირცხულავა, ტიციანი და სხვები. საფო მგელაძე განსაკუთრებით მეგობრობდა კატო მიქელაძესთან.
საფომ პოეზიით დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა პოეზიით დაიწყო, შემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი, მაგრამ ლექსების წერა არ შეუწყვეტია. ის ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმებით: „გურული ქალი“, „ეწერელი ქალი“, „მუშა ქალი“, „სანი“. გაზეთებიდან მას ყველაზე ხშირად მასპინძლობდნენ: „კავკასიონი“, „ჩვენი გზა“, „ტრიბუნა“, „კომუნისტი“, „ხმა ქართველი ქალისა“; ჟურნალებიდან: „ლიტერატურული საქართველო“, „პროლეტარული მწერლობა“, „ლომისი“, „ქართული მწერლობა“, „მნათობი“.
მისი პირველი ლექსი „საქართველო“ დაიბეჭდა 1908 წელს. საფო მგელაძის პირველი წიგნი (პოემა „ბახმარო“) გამოვიდა 1927 წელს. 1932 წელს გამოდის მისი ლექსების კრებული „პრელუდია“ და რომანი „ქარიშხლის ფრთებზე“, 1934 წელს რომანი „ლიანა ლორდია“ და „გზა და გზა“, 1940 წელს „თხზულებანი“, 1968 წელს კი „რჩეული“, რომელშიაც შევიდა მწერლის რომანები და მოთხრობები. „ლიანა ლორდია“ იმ დროის ახალგაზრდების საყვარელ წიგნად იქცა. ამ რომანმა მწერალ ქალს „სიყვარულის წიგნის ოსტატის“ და „ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის“ სახელი დაუმკვიდრა.
საფოს პოეზია გამოირჩევა ფერთა სიუხვითა და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბევრი ლექსი სატრფიალო ლირიკის ჟანრს განეკუთვნება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: „იებს ამბორიც გამოჰყვა თანა“, „მე მაშინ მოვალ“, „წარწერა ჭადრაკზე”, „მოკვდი და ისევ შემიყვარდები” და სხვა. მოქალაქეობრივი გულისტკივილი ისმის საფო მგელაძის ლექსებში: „დამოუკიდებელი საქართველო”, „აჭარა”, „ბაგრატის ტაძრის ნანგრევები”, „ჩემი ერი”, „თუში” და მრავალი სხვა.
საფო განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალებს შორის. მისი ნაწარმოებების გმირები არიან ქალები, რომლებიც თვითონ იბრძვიან საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად. თანამედროვენი მას ქართველ ჟორჟ სანდს უწოდებდნენ.
„ეპოქის მარწუხი არავის ისე არ უჭერს ყელში, როგორც მწერალს. ის გვაძალებს ჩვენ თემებს და იდეებს. არ მიიღებ? ისე გაგსრესს, როგორც ჭიას. ვინა ვარ მე დღეს? ხელოსანი, რომელიც დაკვეთებს იღებს? სად არის ხელოვანი? საღათას ძილით სძინავს... თქვენ გგონიათ ადვილია ამგვარი მუშაობა? მე დავიღალე. სამჯერ გადავაკეთე ჩემი „გზა და გზას” მესამე ნაწილი, რათა იგი მისაღები გამეხადა. მეც თვითონ ვირღვევი , ვმცირდები, ვწვრილმანდები. მე მწამდა ლოზუნგი „ხელოვნება ხელოვნებისათვის” , მაგრამ შეიძლება ასეთი ლოზუნგის მატარებელმა მწერალმა დღეს იარსებოს?!“ |
გურიაში ყოფნის დროს საფო ცხენიდან ჩამოვარდა და თირკმელი დაუზიანდა. საფოს ოპერაციას გადაჰყვა 42 წლის ასაკში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
ბიბლიოგრაფია
- ლიანა ლორდია, მწერალთა კავშირის მაღაზიის გამოცემა, 1928;
- ქარიშხლის ფრთებზე, თბილისი, 1933;
- რჩეული, თბილისი, 1968;
- ლექსები, პოემები, ლიანა ლორდია, ქარიშხლის ფრთებზე, სოხუმი, 1991