Nestor Malazonia
Quick Facts
Biography
ნესტორ მალაზონია (დ. 12 ოქტომბერი, 1892 — გ. 1984) — ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
ნესტორ მალაზონია 1892 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა სოფელ მამათში გლახუნა მალაზონიას ოჯახში. სწავლობდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში (დღევანდელი მეორე საჯარო სკოლა). სიყმაწვილეში, 1908-1911 წლებში იყო სოფელ ძიმითში სასოფლო სამმართველოს დამტარებელი. 1919 წლიდან დაიწყო მასწავლებლობა ჯერ სოფელ აცანაში, შემდეგ მამათში.
1925 წლიდან ნესტორ მალაზონიამ მუშაობა ბათუმში განაგრძო, სადაც თავდაპირველად ინდუსტრიულ ტექნიკუმის აღმზრდელ-მასწავლებელი იყო. 1929 წლიდან დაინიშნა განათლების მუშაკთა კავშირის საოლქო გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად, ხოლო 1931 წლიდან თავმჯდომარედ. 1933-1935 წლებში იყო ხულოს რაიონული გაზეთის რედაქტორი; 1935-1937 წლებში აჭარის განათლების კომისარიატის კადრების გამგე; 1938-1941 წლებში ბათუმის სახელმწიფო გამომცემლობის წარმოების უფროსი; 1941-1951 წლებში გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ სტილისტ-მთარგმნელი; 1951 წლიდან გამომცემლობა „სახელგამის“ რედაქტორი.
სამეცნიერო-ჟურნალისტიკური მოღვაწეობის პარალელურად აქტიურად იყო დაკავებული პოეტური მოღვაწეობით, 1926 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი, 1934 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. ავტორია წიგნებისა: „პატაკი ოქტომბერს“, (ლექსების კრებული) „გულიზარი“ (პოემა), „გულის ხმა“ (ლექსების კრებული), „ჩვენი ყვავილები“ (საბავშვო ლექსების კრებული) , „თაგვი: აჭარული ზღაპარი“, „დაბადებულან გმირები“ (ლექსების კრებული), „რჩეული“ (ლექსების კრებული).
დაჯილდოებულია მედლით „მამაცური შრომისთვის“, ნესტორ მალაზონიას სახელი ეწოდა ქუჩებს ქალაქ ოზურგეთსა და ბათუმში.