Iason Nikolaishvili
Quick Facts
Biography
იასონ ნიკოლაიშვილი ასევე ცნობილია, როგორც ბელზებელი (დ. 24 მარტი, 1865 — გ. 2 მაისი, 1941, თბილისი) — ქართველი პედაგოგი.
ბიოგრაფია
დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1885 წელს დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია და იმავე წელს დაინიშნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის განყოფილების აღმზრდელად და გალობის მასწავლებლად სოფელ ძველ სენაკში. მომდევნო წლიდან იმავე სკოლაში ყველა საგნებს ასწავლიდა. ყოველ ზაფხულს მიდიოდა გურიაში და ეწეოდა სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ მუშაობას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი აბრეშუმის საუკეთესო თესლის შეძენისა და ხალხში გავრცელების საქმეში. სხვებთან ერთად ადგენდა სცენის მოყვარულთა დასს. ისინი მოგზაურობდნენ გურიაში და მართავდნენ წარმოდგენებს, ხოლო მიღებულ შემოსავალს ახმარდნენ სოფლის სამკითხველოებს და ფულად დახმარებას უწევდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს. 12 წელი მუშაობდა ძველ სენაკში მასწავლებლად, შემდეგ გადავიდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში და ასწავლიდა მოსამზადებელ კლასებში, მოგვიანებით დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად უფროს კლასებში. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ყველა კულტურულ წამოწყებაში. სამწერლო ასპარეზზე 1889 წელს გამოვიდა. პირველი მოთხრობა „პერიას ოჯახში“ დაიბეჭდა გაზეთ „ივერიაში“, ამის შემდეგ განაგრძობდა წერას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1912 გამოსცა „ქართული ენის მოკლე გრამატიკა“. კარგად ერკვეოდა მუსიკაში. მის მიერ ნოტებზე გადატანილი სიმღერები საყმაწვილო ჟურნალებში იბეჭდებოდა. ხოლო საბავშვო სიმღერები წლების მანძილზე ისწავლებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში მოღვაწეობდა ქუთაისში, ასწავლიდა ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. დაკრძალულია ახალი ვერის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
- ჭუმბურიძე დ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 301, თბ., 2018 წელი.