Giorgi Nakhutsrishvili
Quick Facts
Biography
გიორგი (გუგა) დავითის ძე ნახუცრიშვილი (დ. 20 მაისი, 1902, თბილისი — გ. 1992, იქვე) — ქართველი პროზაიკოსი და დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1955).
ბიოგრაფია
დაიბადა მწერალ დავით ნახუცრიშვილის ოჯახში. მშობლების და მათი გარემოცვის წყალობით, ადრევე ეზიარა ლიტერატურას — ნახუცრიშვილების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ იმ დროის გამოჩენილი მწერლები და ხელოვანები. კვირაობით მამას ხშირად დაჰყავდა „ლიტერატურულ დილაზე“.
1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტი. წერა 20-იანი წლებიდან დაიწყო — მისი მოთხრობა „თაგუნას თავგადასავალი“ გამოქვეყნდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულში“. 1933 წელს წიგნად გამოიცა მისი მოთხრობა „მამამ გამომგზავნა“. 1934 წელს მწერალმა დაასრულა დეტექტიური ჟანრის რომანი „მგელკაცა“. ნაწარმოებს მაღალი შეფასება მისცა ლეო ქიაჩელმა, რომელიც იმხანად ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო. ჟურნალში რომანის მხოლოდ ნაწილის დაბეჭდვა მოხერხდა, სრული სახით კი ნაწარმოები 1939 წელს გამოიცა.
შემდგომში მწერალი ძირითადად, დრამატურგიის ჟანრში მოღვაწეობდა, რითიც ფართოდ გაითქვა სახელი. მისი პიესები იდგმებოდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც: იმდროინდელი სსრკ-ს რესპუბლიკებში, გდრ-ში, ბელგიაში, ფინეთსა და ჩეხოსლოვაკიაში. პირველი პიესა-ზღაპარი „ნაცარქექია“, რომლის წერა ჯერ კიდევ დავით ნახუცრიშვილმა დაიწყო და გიორგი ნახუცრიშვილმა დაასრულა, 1936 წელს დაიდგა. ყველაზე დიდი წარმატება მწერალს პიესა „ჭინჭრაქამ“ მოუტანა, რომელიც 1963 წელს, რუსთაველის თეატრში დადგა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა.
გიორგი ნახუცრიშვილი მუშაობდა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების ინსცენირებებზეც. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.
დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
გარდაიცვალა 1992 წელს.
ნაწარმოებები
პროზა
- თაგუნას თავგადასავალი (მოთხრობა)
- მამამ გამომგზავნა (მოთხრობა) (1933)
- სილვა ვასილიევი (1934)
- მგელკაცა (რომანი) (1934)
პიესები
- ნაცარქექია (1936)
- კომბლე (1939)
- აჩაკუნე (1940)
- ბელადის სიჭაბუკე
- წიწამური (1956)
- ფიროსმანი (1960)
- ჭინჭრაქა (1962)
- შაითან ხიხო (1964)
ინსცენირებები
- ალ. პუშკინი, „კაპიტნის ქალიშვილი“;
- ალ. ყაზბეგი, „ციცია“;
- ი. ჭავჭავაძე, „გლახის ნაამბობი“;
- მ. ჯავახიშვილი, „არსენა მარაბდელი“;
- ვ. ჰიუგო, „კაცი, რომელიც იცინის“;
- ე. ლ. ვოინიჩი, „კრაზანა“.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7,თბ., 1984 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- გიორგი ნახუცრიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი