Gabriel Kikodze
Quick Facts
Biography
გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე; დ. 15 ნოემბერი, 1825, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 25 იანვარი, 1896, ქუთაისი) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი 1860-1896 წლებში.
ბიოგრაფია
დაიბადა გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის კარის მოძღვრის — მღვდელ მაქსიმე ქიქოძის ოჯახში. 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილმა, მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა.
1851 წელს, პეტერბურგის სასულიერო აკადემია მას უგზავნის სათანადო დიპლომს — მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ. 1854 წელს იგი მღვდლად აკურთხეს. ამის შემდეგ, 1854-1858 წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად.
1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი — გაბრიელი. 1858 წლის 5 იანვარს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის 6 დეკემბერს გაბრიელი ხელდასხმულ იქნა გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად. ამასთანავე იგი ინიშნება ქართლ-კახეთის უწმინდესი სინოდის წევრად და შუამთის მონასტრის არქიმანდრიტად. 1860 წელს იგი იმერეთის ეპისკოპოსად დაინიშნა და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა აფხაზეთისა (1869-1886) და სამეგრელო-სვანეთის (1873-1886) ეპარქიებს. 1863 და 1873 წლებში მოიარა სვანეთი, ატარებდა წირვა-ლოცვებსა და ქადაგებებს.
გაბრიელ ეპისკოპოსი აღესრულა 1896 წლის 26 იანვარს, 71 წლის ასაკში. ქართველი ერი მას 46 დღე ემშვიდობებოდა. 1896 წლის 10 მარტს, მისი ნეშტი გელათის ღვთისმშობლის ეკლესიას მიაბარეს.
გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
სასულიერო, სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა
მეუფე გაბრიელი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდაქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.
გაბრიელმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. 1858 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (რუს. «Основания опытной психологии»), რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ნიკოლოზ დობროლიუბოვმა სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ამ წიგნზე ჟურნალ „სოვრემენნიკ“-ში (1859). ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა ქართულ (1865, 1884-1885, 1913, 1989), რუსულ (1893) და ინგლისურ (1867) ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. 1872 წელს მან გაილაშქრა გიორგი მუხრანბატონ-მუხრანელის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერების მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ენების გაქრობის გარდაუვალობას.
გაბრიელმა აღადგინა მრავალი დანგრეული ტაძარი, ზრუნავდა ქრისტიანობის განმტკიცებაზე (გააქრისტიანა 18 000 აფხაზი). აღსანიშნავია მისი თავდადებული მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.
დახასიათება
ივანე ზურაბიშვილი თავის დაწერილ ნაწარმოებ "გაბრიელ ეპისკოპოსში" მას შემდეგნაირად ახასიათებს : "...ძნელი წარმოსადგენია უფრო მთლიანი და, ამასთან, ისეთი თავისებური ბუნების ადამიანი, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი იყო. მადლიანი და მადლით სავსე იყოო, - რაღაც გემომოკლებული დახასიათება იქნებოდა. სათნოება და მადლი მას უსათუოდ არ აკლდა, ოღონდ მისი სახის ღრმა და რთული გამომეტყველება, რომელშიაც სიყვარული და სიკეთე სიმკაცრის რაღაც მსგავსს ეუღლებოდა და ყველა ამას მწუხარე, სევდიანი იერი ახლდა, რჩეულთა შორისაც განარჩევდა. მისი ნაღვლიანი თვალები სადღაც შორს იცქირებოდნენ, მის მსმენელთა თავებს ზემოთ, თითქო ცდილობდნენ, სადღაც შორს მიუწვდომელი და საიდუმლოებით მოცული მომავალი განეჭვრიტათ...".
ჯილდოები
გაბრიელ ეპისკოპოსი დაჯილდოებული იყო წმინდა ალექსანდრე ნეველისა და წმინდა ანას ორდენებით. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.
ლიტერატურა
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 607-608, თბ., 1977 წელი.
- წმინდანთა ცხოვრებანი, ტომი პირველი, თბილისი, 2008;
- ავთანდილ ნიკოლეიშვილი, გაბრიელ ეპისკოპოსი, ქუთ.,1990
- ბოჭორიშვილი ა., გაბრიელ ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, «ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები», 1950, ტ. 7;
- „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წლისა“, გვ. 17-21
გაბრიელი (ქიქოძე) ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები | ||
---|---|---|
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები | ||
XX საუკუნე |
| |
XXI საუკუნე |
| |
XX საუკუნე |
| |
XXI საუკუნე |
|