Evsevi Baramidze
Quick Facts
Biography
ევსევი ნიკიფორეს ძე ბარამიძე (დ. 17 ივლისი, 1895, შემოქმედი, (ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), — გ. 10 ოქტომბერი, 1960, თბილისი) — ქართველი ტოპოგრაფ-კარტოგრაფი. მუშაობდა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოში საქართველოს დარაიონების სექტორის გამგედ, აგრეთვე დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქციაში. 1935-1937 წლებში საქართველოს ცაკის წევრი. 1937 წლიდან 1947 წლამდე გადასახლებაში იყო (რეაბილიტირებულია 1955 წელს). 1947 წლიდან მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტოპოგრაფ-კარტოგრაფად. ევსევი ბარამიძე მონაწილეობდა საქართველოს და მისი ცალკეული რაიონების რუკების შედგენაში, მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს ისტორიული რუკა (1923, რედაქტორი ივანე ჯავახიშვილი), სვანეთის ადმინისტრაციულ-გეოგრაფიული რუკა (1925, რედაქტორი ე. გაბლიანი), საქართველოს ტოპოგრაფიული რუკა (1932, ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯავახიშვილი) და სხვა. იყო მთელი რიგი რუკების საშრიფტო ორიგინალის შემსრულებელი. მოამზადა კარტოგრაფიული შრიფტების ალბომი. ევსევი ბარამიძემ პირველმა შეადგინა საქართველოს რუკა იმ ისტორიული საზღვრებით, რაც 1919 წელს ივანე ჯავახიშვილმაც აღწერა. მოგვიანებით ეს რუკა ჯავახიშვილის რედაქტორობით გამოიცა. ამ ამბავს კარტოგრაფ ევსევი ბარამიძის ციმბირში გადასახლება მოჰყვა.
ლიტერატურა
- ბარამიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 356, თბ., 1997 წელი.