Elizbar Elizbarashvili
Quick Facts
Biography
ელიზბარ ელიზბარაშვილი (დ. 28 ნოემბერი 1946, თელავი, საქართველოს სსრ) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1994).
1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1970-1978 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის კათედრაზე, 1978-1989 წლებში — კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1994 წლიდან იყო ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კლიმატის მოდელირების ლაბორატორიისა და კლიმატოლოგიის სექტორის გამგე. არის ამავე ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი.
ელიზბარაშვილის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შესწავლილია მთის ჰავის ჩამოყალიბების მექანიზმის მრავალი საკითხი, გამოვლენილია საქართველოს კლიმატური რესურსების თავისებურებანი, კავკასიის კლიმატის ცვლილების ძირითადი ტენდენციები. კვლევის შედეგები დაინერგა საქართველოს კურორტების დაგეგმარებაში, მშენებლობაში და საფუძვლად დაედო კლიმატური რესურსების ამსახველი მასალის მომზადებას ატლასისათვის — „საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები“ (მოსკოვი, 1989; საქართველოს სახელმწიფო პრემია). ელიზბარაშვილს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა (მ. შ. მონოგრაფიები) და სახელმძღვანელო. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).