Davit Tushabramishvili
Quick Facts
Biography
დავით მიხეილის ძე თუშაბრამიშვილი (დ. 1 ივნისი, 1922, სოფ. შრომა, ახლანდელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — გ. 20 ივლისი, 1992) — ქართველი არქეოლოგი და პედაგოგი. საქართველოს და კავკასიის ძველი ქვის ხანის მკვლევარი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი.
ბიოგრაფია
დავით თუშაბრამიშვილი იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი (1955–1970), არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი (1973–1989) და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1989–1992), საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქვის ხანის სექტორის ხელმძღვანელი (1984–1987) და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1989–1992). სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის დოცენტი. თუშაბრამიშვილის სახელთან დაკავშირებულია ქვის ხანის მრავალი ძეგლის აღმოჩენა-შესწავლა; მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ქვის ხანის უმდიდრესი ფონდის შექმნა, მუზეუმის არქეოლოგიურ გამოფენაზე ქვის ხანის ექსპოზიცია; საქართველოში ქვის ხანის სპეციალისტების აღზრდა. ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო მონოგრაფია და სტატია. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „საქართველოს სსრ წითელი წიგნის“ მომზადებასა და გამოქვეყნებაში. თუშაბრამიშვილის აღმოჩენებსა და ნაშრომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და კავკასიაში პირველყოფილი ადამიანის საზოგადოების განვითარებისა და განსახლების შესწავლაში. მიღებული აქვს მთავრობის საპატიო სიგელები, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მედალი და სხვა.
ბიბლიოგრაფია
- თეთრი მღვიმე (რედაქტორი). თბ., 1994;
- ძველი ქვის ხანის მღვიმე-ნამოსახლარები წყალწითელას ხეობაში (რედაქტორი). თბ., 1992;
- გვარჯილას-კლდის პალეოლითური ნაშთები. თბ., 1960.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 136.
რესურსები ინტერნეტში
- დავით თუშაბრამიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი