Boris Gergedava
Quick Facts
Biography
ბორის გერგედავა (დ. 18 ივლისი, 1931 — გ. ივნისი, 2007) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1968), დოცენტი. ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი აღმომჩენი. არაერთი მღვიმისა და უფსკრულის დაპყრობის მონაწილე.
ბიოგრაფია
ბორის გერგედავამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1956 წელს.
მუშაობა დაიწყო სოფელ ნაკიფუს საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1958 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; პირველად გამოკვლეულ იქნა კავკასიის მღვიმეები კომპლექსური მეთოდით, დამუშავდა მისი მეთოდიკა, დადასტურდა მღვიმეთა კომპლექსის, როგორც განსაკუთრებული გეოგრაფიული ლანდშაფტის გამოყოფის იდეა; განსაზღვრა მღვიმეების ლანდშაფტის საგანი, სტრუქტურა, ამოცანა, შეასრულა მიწისქვეშა ლანდშაფტის ფორმულირება, განსაზღვრა ასეთი კომპლექსის ადგილი დედამიწის ლანდშაფტურ სფეროში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1968 წელს თემაზე: „ოდიშის მღვიმეთა ბუნებრივი პირობების კომპლექსური დახასიათება“.
ბორის გერგედავამ წამოაყენა ახალი შეხედულება კარსტულ მღვიმესა და მის ფორმათწარმოქმნაზე, სიღრუის ევოლუციურ სტადიებზე; გაკეთდა მღვიმის გენეტური, მორფოლოგიური, კლიმატური, ჰიდროლოგიური კლასიფიკაციები; დამუშავდა მღვიმის გამოყენება-დაცვის პრობლემები; იკვლევდა მღვიმეთმცოდნეობის კომპლექსურ მეტეოროლოგიას, მიწისქვეშა ლანდშაფტების თეორიას, რომელთა შესახებ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები (ქართულ და რუსულ ენებზე). დაჯილდოებული აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით (1962).
წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა უმაღლეს სასწავლებლებში, იყო ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალის პროფესორი.
ბიბლიოგრაფია
- ზოგადი დედამიწისმცოდნეობა. თბილისი, განათლება, 1999.
- სამეგრელო: ბუნება, მოსახლეობა, მეურნეობა, თბილისი-ზუგდიდი, 1999;
- წალენჯიხის რაიონის გეოგრაფია და გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2003 (თანაავტ.).
- Изучение пещер Колхиды. Тб., 1978 (соавтор);
- подземные ландшафты. Тб., 1983;
- Кадастр пещер СССР в конгломератах и песчаниках, М., 1991 (соавтор).