Besik Kutateladze
Quick Facts
Biography
ბესიკ ქუთათელაძე (დ. 1 ივლისი, 1958 — გ. 27 ივნისი, 1992) — ქართველი პოლიტიკოსი, სამხედრო მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1979-1980 წლებში იყო საჩხერის სპორტული სკოლის მწვრთნელი, 1982-1984 წლებში იყო საჩხერის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ფიზიკური აღზრდის ხელმძღვანელი, 1984 წლიდან საჩხერის სპორტული კომპლექსის დირექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ბესიკ ქუთათელაძემ 1991 წელს ჩამოაყალიბა საჩხერეში ერთ-ერთი პირველი საჯარისო შენაერთი, რომელსაც ეწოდა „იმერეთის სადროშო“, იყო ამ შენაერთის მეთაური. შემდგომში საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში (1991-1992 წწ., სამაჩაბლო). 1992 წლის 13 ივნისს ქალაქ გორში რუსეთის სამხედრო ძალებთან შეტაკების დროს ბესიკ ქუთათელაძე მძიმედ დაიჭრა და 27 ივნისს გარდაიცვალა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას.
რესურსები ინტერნეტში
- ბესიკ ქუთათელაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო — სამთო მომზადების სკოლას ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო — პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის იუბილე