Biography
Lists
Also Viewed
Quick Facts
Biography
ეთერ ირაკლის ასული კაკულია (დ. 29 ნოემბერი, 1942 — გ. 26 ივნისი, 2015, თბილისი, საქართველო) — ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1983), ფოთის საპატიო მოქალაქე (1988), საქართველოს სახალხო არტისტი (1989), ღირსების ორდენის კავალერი (1997), ფაზისის აკადემიის აკადემიკოსი (2013), ქართული სიმღერის დედოფალი (2015), სახალხო სიყვარულის ჯილდო (2015).
1960-1965 წლებში მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით. 1982-1992 წლებში იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი.
ჰქონდა ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-ზე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე. ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო ვაჩიბერიძე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.
2015 წლის 26 ივნისს, ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. სიმსივნის დიაგნოზი მომღერალს 2014 წელს დაუსვეს.
ეთერ კაკულია სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს და სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩაიყვანა, 26 ივნისს კი მომღერალი გარდაიცვალა.
ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ეთერ კაკულიას სახელი მიენიჭა.